Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა ინდოეთს გადასცა ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტი


პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა ინდოეთს გადასცეს პილოტი, რომელიც დააკავეს უთანხმოების საგნად ქცეული რეგიონის, ქაშმირის თავზე თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. ის პაკისტანმა "სამშვიდობო ჟესტის" ფარგლებში გაათავისუფლა.

პილოტმა აბჰინანდან ვართამანმა ინდოეთთან საზღვარი 1 მარტს, დათქმულ დროზე რამდენიმე საათით გვიან გადაკვეთა და მას თვალზე სილურჯე აღენიშნებოდა.

ერთი დღით ადრე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა პარლამენტის წინაშე გამოაცხადა, რომ მისი გათავისუფლება იგეგმებოდა.

პაკისტანის არმია აცხადებს, რომ 27 თებერვალს მისმა ძალებმა თავიანთ საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს ინდოეთის ორი თვითმფრინავი და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებულ ნაწილში დააკავეს ერთი პილოტი.

ინდოეთმა დაადასტურა ერთი თვითმფრინავის დაკარგვა და პილოტის დაკავება. მან ასევე გამოაცხადა, რომ ქაშმირის თავზე ჩაშალა პაკისტანის საჰაერო თავდასხმა და ჩამოაგდო ერთი თვითმფრინავი. ისლამაბადი არ ადასტურებს მისი თვითმფრინავის ჩამოგდებას.

საჰაერო კონფონტაციამდე ინდოეთმა 26 თებერვალს იერიში მიიტანა მისი თქმით ექსტრემისტთა ბანაკზე პაკისტანის ჩრდილოაღმოსავლეთში, როგორც პასუხი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილ თავდასხმაზე, რომელსაც სულ მცირე 41 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა პაკისტანის ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ნაწილში. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანში განთავსებულმა ჯგუფმა, ჯაიშ-ე მუჰამადმა.


XS
SM
MD
LG