ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში რუსმა პოლიციელებმა დააკავეს უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ყირიმის ეპარქიის არქიეპისკოპოსი კლიმენტი. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასულიერო პირი სიმფეროპოლის პოლიციის სამმართველოში იმყოფება თავის ადვოკატთან ერთად.
უკრაინის ეკლესია ამტკიცებს, რომ კლიმენტი აპირებდა დასწრებოდა რუსეთში დაპატიმრებული უკრაინის მოქალაქის, პაველ გრიბას სასამართლო პროცესს დონის როსტოვში. რადიო თავისუფლების საიტ კრიმ.რეალიის ცნობით, ღვთისმსახური ავტოსადგურში დააკავეს.
რუსეთის სამართალდამცველებს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
არქიეპისკოპოსი კლიმენტი მსახურობდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოში, რომელიც უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შევიდა დეკემბერში, ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ.