ქალაქ რუსთავში ერთი ოჯახის 7 წევრი, მათ შორის 6 ბავშვი მოიწამლა სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს დაგროვების გამო. ყველა მათგანი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წინასწარი ინფორმაციით, ბინაში, სადაც ღია წვის დანადგარი იყო დამონტაჟებული, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა სააბაზანოში გონება დაკარგა, დანარჩენებს კი პირღებინების შეგრძნება და თავის ტკივილი ჰქონდათ.
CO-ს დაგროვების გამო მოწამვლის და გარდაცვალების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია რუსთავსა და თბილისში. გაზმომარაგების კომპანიები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ღია წვის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები.