"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის საფუძველი უნდა გახდეს „თიბისი ბანკის“ აქციონერების განცხადება გახარიას მხრიდან შანტაჟის შესახებ.
„ჩვენ მომსწრე ვართ ბიზნესზე ზეწოლის, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ის რაც თურმე ხდებოდა. პირდაპირ განაცხადეს აქციონერებმა, რომ მათზე შანტაჟს ახორციელებდა შს-თა მინისტრი გიორგი გახარია. მას, როგორ ჩანს, ჰქონდა მრავალი პოლიტიკური მოთხოვნა და წერდა წერილობითი ფორმით ამ მოთხოვნებს. არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტიც. ეს წარმოუდგენელი სითავხედეა, ამიტომაც ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და გიორგი გახარია გადადგეს“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი სიტყვებით, პროცესი გასცდა საფინანსო სფეროს და „თიბისი ბანკის,“ ან ანაკლიის პროექტის საკითხს.
„ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების ძალადობას და დღევანდელი განხილვით ანაკლიის პროექტი შეიძლება ჩაიშალოს. ეს შემთხვევა იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასი. ეროვნული ბანკი იმყოფებოდა მთავრობის შანტჟის ქვეშ. ხაზარაძემაც თქვა, რომ მას აშანტაჟებდნენ. ფინანსური მონიტორინგის სამსახური ერთ-ერთი დამნაშავეა, რომელიც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში“ - განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძის თქმით, მაშინ, როცა ინვესტორების აზრი დიდი ხანია იცის მთავრობამ, ამ ზეწოლის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ყოფილიყო ანაკლიის პროექტის ჩაშლა, ან სხვა მეწილეების შეყვანა ამ პროექტში.