„ცუდი და საგანგაშო ის არის, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებას ადეკვატური რეაქცია არ მოჰყვება“, - აცხადებს ეკა გიგაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.
ის ეხმაურება „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის შინაარსის შემცველი განცხადება მიიღო:
„ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ განცხადებებს ადეკვატური და ეფექტური რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან არ მოჰყვება. იმიტომ, რომ არასოდეს არ მოჰყოლია მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა ისეთ გამოძიებას ან ისეთ საქმეს, სადაც იყო „ქართული ოცნების“ ან ამ პარტიის ლიდერების ინტერესი. მე შეგახსენებთ, რომ ასეთი საქმე იყო „ომეგას“ საქმე, სარალიძის საქმე, როდესაც ეს ადამიანი საუბრობდა, რომ მაღალჩინოსნები ერეოდნენ გამოძიებაში. ასევე, რეაგირება არ ყოფილა ფარცხალაძის სხვადასხვა საქმეებში ჩართულობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებას არ შეიძლება ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ კონკრეტულ საკითხი ეფექტურად იქნება გამოძიებული ან ადეკვატური რეაგირება იქნება. ძალიან ცუდი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში და მგონია, რომ დღეს ელიტურ კორუფციაზე და სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებზე საუბარი არის ზუსტად ის შეფასება, რომელიც შეიძლება მიეცეს ამ სიტუაციას.“-აღნიშნავს ეკა გიგაური.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება და როდესაც ის დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.