Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუქარესტში ხელი მოეწერა დეკლარაციას სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე


რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა შეხვედრა საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომლის დროსაც ხელი მოეწერა დეკლარაციას კასპიის ზღვა- შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.

„ჩვენი მიზანია გავზარდოთ საქართველოს, როგორც ტრანსპორტაციის და ლოგისტიკის ჰაბის როლი, რათა ეფექტიანად გამოვიყენოთ საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა. მთავრობამ უკვე დაიწყო მასშტაბური, მილიარდობით დოლარის ღირებულების პროგრამა, რომ გააუმჯობესოს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გზები, პორტები და რკინიგზის სისტემები. გრძელვადიან პერსპექტივაში, ტვირთთა გაზრდილი მოძრაობა კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს.საქართველოს სურს გააძლიეროს რეგიონული თანამშრომლობა და ეკონომიკური კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც შავი და კასპიის ზღვების რეგიონში შექმნის მდგრადი განვითარების, მშივდობის და სტაბილურობის მტკიცე საფუძველს" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დასძინა: "ჩვენ განვავითარებთ ახალ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში და ასევე გავაუმჯობესებთ უკვე არსებულ პორტს ფოთში".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საგანგებოდ აღინიშნა ახალ სამარშრუტო ხაზში ერთ-ერთი მონაწილის სახით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, რუმინეთის ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის შემდგომ აქტიურ მონაწილეობას სატრანსპორტო მარშრუტში. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ აღნიშნა, რომ მოცემული სატრანსპორტო მარშრუტი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ევროკავშირი - ცენტრალური აზიის თანამშრომლობის სტრატეგიაში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.

რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური ავრცელებს ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, ექსპერტ რადუ ბერჩანუს კომენტარს: „ღრმა ანალიზი არ გამიკეთებია, მაგრამ ამ ეტაპზე მეეჭვება ამ პროექტმა ხორცი შეისხას. ეს კარგი პროექტი იქნებოდა, მაგრამ დღევანდელ კონტექსტში, ჩემი აზრით, შეუძლებელია. ინვესტორები არ არიან, ვინც ასეთ პროექტში ფულს ჩადებდა. და ლაპარაკი დიდ ფულზეა".

XS
SM
MD
LG