საქართველოში იმყოფება ავღანეთის დელეგაცია, რომელსაც მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ხელძღვანელობს.
დღეს დილით, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილება ავღანეთში კერძო სექტორის და მეწარმეობის განვითარების სტიმულირების საკითხი.
შეხვედრაში ავღანეთის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროების და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები. შეხვედრის ორგანიზატორია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია.
ავღანეთის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის მიზანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, იუსტიციის სახლში, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში."