საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის ლუიზა ვინტონის შეფასებით, „თიბისი ბანკის“ საქმე იქნება ტესტი, როგორც ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესგარემოსთვის, ასევე მართლმსაჯულების სისტემისა და მარეგულირებელი ორგანოების განვითარების დონის შესამოწმებლად.
ლუიზა ვინტონმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეშფოთებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას, რადგან საკმაოდ მძიმე ბრალდებები ისმის ორივე მხრიდან.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის შეფასებით, საქართველომ ბევრი იმუშავა კარგი ბიზნესგარემოს და სანდო საბანკო სისტემისა და მარეგულირებელი ორგანოების შესაქმენლად და მათთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ პროცესი სანდოდ და გამჭვირვალედ წარიმართოს. ვინტონმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ ტესტს წარმატებით ჩააბარებს.
საქართველოს პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით იძიებს "თიბისი ბანკში" 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ოპერაციას.
ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს "ორკესტრირებული შეტევა." 4 მარტს ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან. გიორგი გახარია ამ ბრალდებას უარყოფს.