Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მამაჩემი არ უნდა მეხმარებოდეს ძალადობის მსხვერპლის გადაყვანაში" - სოცმუშაკები სერგეენკოს მიმართავენ


სოციალური მუშაკები ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს აცნობენ იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან. შეხვედრა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მიმდინარეობს.

სოციალური მუშაკი თეა მაღრაძე ამბობს:

"დედა იყო დანიშნული მეურვედ, შვილს ჰქონდა ფსიქოსოციალური (ფსიქიატრიული) პრობლემა. დედა დაავადდა სიმსივნით. გასული წლის ზაფხულიდან წერდა ეს ქალი, რომ მე შეიძლება გარდავიცვალო და განათავსეთ ჩემი შვილი ხონის ფსიქიატრიულში. დედა გარდაიცვალა შემოდგომაზე, ეს ადამიანი დარჩა სრულიად მარტო, არ ჰყავს მომვლელი და ეს ადამიანი არის ხონის ფსიქიატრიულში ჩარიცხვის რიგში 35-ე. მას არ აქვს წამლის მიღების და თავის მოვლის უნარები, შეიძლება გაიყინოს. მას რომ რამე დაემართოს, ვისი პასუხისმგებლობა იქნება ჩემი თუ სახელმწიფოსი?"

სოციალური მუშაკი სოფო ღვთისიაშვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

"რა უნდა გააკეთოს სოციალურმა მუშაკმა, რომელიც მუშაობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან, რომელსაც აქვს თვითმკვლელობის მცდელობა. მე რომ გადავამისამართო ფსიქოლოგთან, მინიმუმ 7 თვე უნდა ელოდოს ეს ბავშვი ფსიქოლოგს, რადგან მთელ ქვეყანაში სულ 10 ფსიქოლოგი მუშაობს ამ სისტემაში და ვინ იცის, რომ ის ამასობაში თავს არ მოიკლავს? როდესაც სერვის-ცენტრში მოდის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პატარა ბავშვი, მე მას უნდა გავესაუბრო ათი სოციალური მუშაკის თანდასწრებით, რომლებსაც თავზე ადგას კიდევ ათი ბენეფიციარი. მსხვერპლმა უნდა მოყვეს როგორ იძალადეს მასზე სექსუალურად ამ ყველა ადამიანის თანდასწრებით, რადგან არ გვაქვს ცალკე ოთახი, რომ მას ინდივიდუალურად გავესაუბროთ".

კიდევ ერთი სოციალური მუშაკი, ქეთი ხუციშვილი დავით სერგეენკოს ეუბნება: "სოციალური მუშაკები დასაკრძალ ადგილებს ეძებენ ხანდაზმულებისთვის, რომლებიც ოჯახმა მიატოვა და სახელმწიფო ვერ დაეხმარა".

სოციალური მუშაკებისთვის ტრანსპორტირების პრობლემა დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. როგორც ირკვევა, სოციალურ მუშაკებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ძალადობის ადგილიდან გამოყვანა ტრანსპორტის უქონლობის გამო უჭირთ: „მე მამაჩემი არ უნდა მეხმარებოდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გადაყვანაში".

XS
SM
MD
LG