აშშ-მა თურქეთი გააფრთხილა, რომ თუ რუსული სარაკეტო-საზენიტო სისტემის C 400-ის შეძენას არ გადაიფიქრებს, ვაშინგტონი უარს იტყვის ანკარისთვის F-35 ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლების მიყიდვაზე.
აშშ-ის ეს პოზიცია დაადასტურეს სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალმა სკაპაროტიმ.
აშშ-მა და ნატომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთი უკვე რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ დაუშვებელია ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სტრუქტურაში რუსული სისტემების ინტეგრირება.
2018 წლის შემოდგომაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული C 400-ის განთავსება 2019 წლის ოქტომბერში დაიწყება. რამდენიმე კვირის წინ კი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვთან გარიგებას უკვე შემდგარი უწოდა.
თუ ანკარა გეგმას არ შეცვლის, ვაშინგტონმა შესაძლოა, უარი თქვას თურქეთისთვის ამერიკული სარაკეტო კომპლექსების Patroit-ის მიყიდვაზეც და სანქციები დაუწესოს რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობისთვის.
თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი აცხადებს, რომ ანკარა მზად არის თავისი პოზიცია განუმარტოს აშშ-ის კონგრესს და იმედია, ვაშინგტონი შეცვლის საკითხისადმი მკვეთრ დამოკიდებულებას.