საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს გადაწყვეტს არსებითად განსახილველად მიიღებს, თუ არა სარჩელს დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულო მონაწილეობის შესახებ.
საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა,“ კომპანიამ „თორაძე და პარტნიორები“ და მოქალაქეებმა ედუარდ მარიკაშვილმა და დავით თორაძემ.
მოსარჩელეთა შეფასებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს დასაქმებულის ნების ავტონომიას და დამსაქმებელს აიძულებს საპასუხო სარგებლის მიღების გარეშე საპენსიო ფონდში ფინანსური შენატანის გაკეთებას.
მოსარჩელე მხარის განმარტებითვე, დამსაქმებლის მიერ შენატანის ვალდებულება უტოლდება ახალი გადასახადის დაწესებას, რაც კონსტიტუციის მიხედვით დაუშვებელია რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების მოქმედება მათ აყენებს გამოუსწორებელ ზიანს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს აღნიშნული ნორმების მოქმედება.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.