Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ხოლო ფიჯის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ორი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 ( ოთხმოცდაათი) დღის ვადით ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

7 მარტს, საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით. დაფიქსირდა ორმხრივი მზადყოფნა ხელი შეეწყოს ფიჯის რესპუბლიკაში და ზოგადად ოკეანეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის პოპულარიზაციას.

XS
SM
MD
LG