„გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს ფაქტობრივად ვერ გასცა პასუხები.“- განაცხადა „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლოში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს.
პროკურორის განმარტებით, გიორგი ქადაგიძემ ვერ გაიხსენა ვერც ბანკის შემოწმების პროცესი და ვერც მისი შედეგები. არჩილ ტყეშელაშვილმა გიორგი ქადაგიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ თქვა, რომ იგი „ყველაფერზე აცხადებდა, რომ დეტალები არ ახსოვდა.“
„როგორ თავიდანვე განვაცხადეთ, გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი. აღნიშნულ პერიოდში სააგენტოს აქვს ჩატარებული „თიბისი ბანკის“ შემოწმება და ჩვენ გაგვაჩნდა შეკითხვები“- აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.
"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, 2008 წლის ტრანზაქცია, რომლის გამოც გამოძიება მიმდინარეობს, თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა შეამოწმა და რაიმე დარღვევა არ აღმოუჩენია.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, ეროვნულმა ბანკმა ამავე ტრანზაქციაში დაინახა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები, "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა და აქციონერთა კრებას მიმართა, სამეთვალყურეო საბჭოდან გაეწვია საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მოადგილე ბადრი ჯაფარიძე.