Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრს "ფრესკოს" დამფუძნებლის მიმართვისთვის არ მოუსმენია


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას უარყოფს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მოწინავე პოზიციები დაასახელა იმის დასტურად, რომ ქვეყანაში სრულიად თავისუფალი ბიზნესგარემოა.

მედიის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს უთხრეს, რომ მუქარის წერილის შესახებ „თიბის ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადების შემდეგ, ზეწოლაზე ალაპარაკდნენ სხვებიც და „ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვიდეომიმართვაც კი გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლის და მისი თანამშრომლებისგან იარაღით მუქარის შესახებ.

მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ამ განცხადებისთვის არ მიუსმენია, მაგრამ აუცილებლად მოისმენს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ ბიზნესმენთან იარაღით მიდიან, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, რომელიც ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგო.

ბახტაძის თქმით, თუ „ფრესკოს“ მფლობელს აქვს მტკიცებულებები, საზოგადოებას აჩვენოს და საგამოძიებო ორგანოები მზად არიან გამოძიებისთვის.

„ჩვენ თითოეულ ადამიანს ვცემთ უდიდეს პატივს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. ეს არის ჩვენი მიდგომა, ეს არის ჩვენი ფილოსოფია. თუ ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი მე ვიქნები, რომელიც მოითხოვს გამოძიების დასრულებას უმოკლეს ვადაში“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

სუპერმარკეტების ქსელის "ფრესკოს" დამფუძნებლმა, ვასილ სოფრომაძემ ზეწოლის შესახებ ბიზნესმენების დუმილის გამო, საზოგადოების ნაწილში გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს: „მე არ ვარ გაჩერებული, მე ხმას ვიღებ, რომ ერთი წელიწადია ჰაერში დაკიდებული ვყავარ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან აბსოლუტურად იციან, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს.“

ბიზნესმენი ამბობს იმასაც, რომ აქვთ კადრები როგორ ქურდობენ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები „ფრესკოს“ მაღაზიებში და როგორ უტრიალებენ იარაღს თანამშრომლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG