Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კიბერშეტევებისგან დაცვას ლიეტუვაში მდებარე ცენტრთან თანამშრომლობით გეგმავს


საქართველოს და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა, ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა ხელი მოაწერეს კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ლევან იზორიას განცხადებით, ნატომ და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხოება ოპერატიული განზომილების სივრცეში აიყვანეს და ის, როგორც ხმელეთი და ზღვაც, განიხილება ახალ, ოპერატიულ განზომილებად, სადაც კიბერშეტევებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.

„ამიტომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით აუცილებელია ეროვნული ძალისხმევის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთო სწავლებების ჩატარება“ - თქვა ლევან იზორიამ. მისი განცხადებით, საქართველოს სურს თავისი ინფრასტრუქტურა კიბერშეტევებისგან მაქსიმალურად დაიცვას ლიეტუვაში არსებულ, კიბერთავდაცვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

დეკლარაციის ხელმოწერას, რომელიც ვილნიუსში, ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში გაიმართა, დაესწრნენ საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი და დალია გრიბაუსკაიტე.

XS
SM
MD
LG