Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარბი 60 წლისაა


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თოჯინა ბარბი 60 წლისაა. ბარბი ამერიკის სათამაშოების საერთაშორისო ბაზარზე 1959 წლის 9 მარტს გამოჩნდა. თოჯინა მეწარმე რუთ ჰენდლერმა შექმნა და მას ქალიშვილის, ბარბარას სახელი დაარქვა.

ბარბიმ პოპულარობა მალევე მოიპოვა და გასული საუკუნის 60-იან წლებში ის ყველაზე გაყიდვად თოჯინად იქცა.

ბარბიმ 60 წლიანი არსებობის განმავლობაში 100-ზე მეტი პროფესია მოირგო - ბალერინიდან დაწყებული ასტროფიზიკოსით დამთავრებული.

2017 წელს ბაზარზე გამოჩნდა ბარბი ჰიჯაბით.

წელს კი მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს ბარბი, რომელიც ეტლში ზის.

მიუხედავად დიდი პოპულარობისა, თოჯინა ბარბი არაერთხელ იქცა კრიტიკის ობიექტად. პირველ რიგში, კი მისი სილამაზის სტანდარტების გამო. პირველი ბარბის პროტოტიპად იქცა გერმანული კომიქსების გმირი ბილდ ლილი, რომელსაც ჰქონდა წვრილი წელი და დიდი მკერდი.

ქალთა უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ბარბის ფორმებს შესაძლოა მოზარდებში გამოეწვია ანორექსია და გარეგნობასთან დაკავშირებული სხვა სახის სირთულეები. სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ ერთ-ერთ ბუკლეტში, რომელიც თოჯინას თან მოჰყვებოდა, მომხმარებელს „ასწავლიდა“, როგორც შეემცირებინა წონა. ბუკლეტის ყდაზე ეწერა: „არ ჭამო“.

თოჯინის მწარმოებელი კომპანია Mattel-ი 90-იან წლებში დათმობაზე წავიდა და ბარბის წელის გარშემოწერილობა მცირედით გაზარდა.

დღეს ბარბის შვიდი ტიპის ფიგურა და კანის რვა ფერი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG