Accessibility links

site logo site logo

პარლამენტს წარედგინება ბესელიას პროექტი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის შესახებ


11 მარტს წარედგინება პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტი.

ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.

გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

“პირველ რიგში, ეს არის ღია და საჯარო კონკურსი. ყველას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სტანდარტებს. ეს სტანდარტები გახლავთ: ასაკი -30 წელი, იურიდიული განათლება, 10-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ამავე დროს, ამ ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დადგენილი იქნება კვორუმი - საჭირო იქნება როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მაღალი კვორუმით იყოს შემოთავაზებული მოსამართლეობის კანდიდატების სია.

მთავარი პროცესი პარლამენტში დაიწყება. ჩვენი კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც არ იქნებიან პარლამენტის წევრები. სამუშაო ჯგუფის შემდეგ უკვე კომიტეტი იწყებს თითოეული კანდიდატის განხილვას. ამის შემდეგ გაიცემა დასაბუთებული წერილობითი რეკომენდაციები და ეს სია გადაეცემა პარლამენტს, რომელიც კენჭს უყრის მას მაღალი კვორუმით“, - განმარტავს ეკა ბესელია მის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

ეკა ბესელიასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: - ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG