Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტში 60 მილიონ ლარამდე სახელმწიფომ მიწების გამოსყიდვას მოახმარა


მაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს ანაკლიის პროექტში უკვე 60 მილიონ ლარამდე აქვს ინვესტირებული.

სახელმწიფოს ჰქონდა აღებული პორტამდე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიყვანის ვალდებულება. ასევე, დაახლოებით 60 მილიონი ლარი მოხმარდა მიწების გამოსყიდვას. ეს მიწები უკვე გადაეცა კონსორციუმს. პროექტში სხვა ფინანსური მონაწილეობის ინტერესი სახელმწიფოს არ ჰქონია და ეს გაცხადებული იქნა თავიდანვე“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში და კონკურსის პირობებს დათანხმდა. გამარჯვებულად გამოცხადებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში კი კონსორციუმმა მთავრობას ხელშეკრულების შეცვლილი პირობებით გაფორმების თხოვნით მიმართა.

სამინისტროს განცხადების თანახმად, ამის მიზეზი იყო ის, რომ კონსორციუმი ვერ უზრუნველყოფდა სრული დაფინანსების მოძიებას და საჭირო იყო პროექტში დამატებითი მონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან.

„სწორედ ამ მომართვის შედეგია ის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს საპარტნიორო ფონდის მიერ ბიუჯეტის დაფინანსებით ამ პროექტში დამატებითი 100 მილიონი დოლარით მონაწილეობას. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც კონკურსს ერთი პირობით აცხადებ, გყავს გამარჯვებული და მერე ხდება პირობების შეცვლა, კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს.

როდესაც კაბალურ პირობებზე ვსაუბრობთ, კონკურსი გამოცხადებული იყო იმ პირობით, რომ სახელმწიფოს არანაირი ფინანსური მონაწილეობა არ უნდა ჰქონოდა ამ პროექტში, გარდა მიწების გადაცემისა და გზის და რკინიგზის მიყვანისა.

სანამ გაფორმდა ხელშკრულება, სახელმწიფო უკვე დათანხმდა კონსორციუმს ახალ პირობებზე. კონსორციუმი იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას 2014-დან 2016 წლის განმავლობაში და რატომღაც კონსორციუმის გამარჯვებულად დასახელების მერე ხდება ეს პირობა კაბალური“,- აღნიშნულია განცხადებაში

ამავე განცხადებით, პრობლემები პროექტის განხორციელებაში 2017 წლიდან დაიწყო და კონსორციუმს სამუშაოების გრაფიკთან დაკავშირებით ჩამორჩენა აქვს.

„ჩვენ გვაქვს ვითარება როცა ჯერ არ არის დასრულებული სრული საპროექტო დოკუმენტაცია და მათივე განცხადებით, მათ აქვს გამოცხადებული კონკურსი კონტრაქტორის შერჩევაზე.

ეს კონტრაქტორიც უნდა შერჩეულიყო 2017 წლის ბოლოს, მერე 2018 წლის ბოლოს და მერე უკვე მარტის ბოლოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით კონსორციუმის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილები“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს მიერ ჩადებული თანხა ნულია, ხოლო რაც შეეხება 100 მილიონს, ის ძვირადღირებული სუბორდინირებული სესხია, რომელსაც კონსორციუმი მიიღებს პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG