Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიას აფრთხილებს ე.წ. „ტროლების“ სიასთან დაკავშირებით


ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებებით გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ე.წ. ტროლების ფაბრიკის შესახებ.

გამოქვეყნდა ადამიანთა სია, რომლებიც, სავარაუდოდ, პარტია „ქართული ოცნების“ დაკვეთით, სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. თუმცა ამ სიაში მყოფ ადამიანთა სახელებსა და გვარებს არ ახლდა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი (პირადი ნომერი, ან რაიმე სხვა დეტალი). შესაბამისად, ქარტია მიიჩნევს, რომ ეჭვქვეშ დადგა ყველა ის ადამიანი, ვისაც სიაში ჩამოთვლილთა იდენტური სახელი და გვარი აქვს.

გამოქვეყნდა ფოტოებიც. და გაჩნდა შეურაცხმყოფელი, მადისკრედიტირებელი კომენტარები მათ მიმართ.

ქარტიის საბჭო ხედავს საფრთხეს, რომ სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელონ სია და დამატებითი პრობლემები შეუქმნან ამავე სახელისა და გვარის მქონე პირებს.

სწორედ ამიტომ, ქარტია მოუწოდებს ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებლად, დაუდასტურებლად სიაში მოხსენიებული იდენტური სახელისა და გვარის პირების მიმართ ბრალდებების გადაუმოწმებლად და დაუდასტურებლად ტირაჟირებისგან.

„ბოლო პერიოდში ტენდენციად იქცა ჟურნალისტების, ისევე როგორც სხვა პირთა მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ტირაჟირება მედიასაშუალების მიერ. ქარტიის საბჭომ როგორც სახელმძღვანელო წესებში, ასევე საკუთარ გადაწყვეტილებებში არაერთხელ მიუთითა, რომ სოციალური ქსელიდან მოპოვებული ინფორმაცია უნდა გადიოდეს გადამოწმების ყველა იმ ფილტრს, რასაც ჩვეულებრივ, სხვა გზებით მოპოვებული ახალი ამბავი გადის“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG