Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტში „ბრექისტის“ გეგმაზე გადამწყვეტი კენჭისყრა გაიმართება


ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაიმართება გადამწყვეტი კენჭისყრა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ მომზადებული „ბრექსიტის“ ახალ გეგმაზე, ერთი დღის შემდეგ, რაც ევროკავშირისაგან ლონდონმა მიიღო „იურიდიულად სავალდებულო“ გარანტიები.

განსხვავებით „ბრექსიტის“ თავდაპირველი ვარიანტისა, რომელსაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა იანვარის კენჭისყრის დროს, ახალი შეთანხმების პროექტი ეხება მხოლოდ ევროკავშირიდან გასვლის პირობებს. მასში არ არის საუბარი იმაზე, თუ როგორი იქნება ბრიტანეთისა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობა.

სხვა საკითხებს შორის, „ბრექსიტის“ ახალ ვარიანტში გათვალისწინებულია 50 მილიარდი $, რომელსაც „განქორიწნებისათვის“ გადაიხდის ბრიტანეთი ორი წლის გარდამავალ პერიოდში, როდესაც ყველა პირობა უცვლელად დარჩება ვაჭრობის, მიგრაციის, უსაფრთხოებისა და მოგზაურობის თვალსაზრისით.

გარიგება ასევე ითვალისწინებს გარანტიის მიღებას ირლანდიასთან ღია საზღვრის შენარჩუნებისათვის, რაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია.

ამასთან ერთად, უცნობია, მოაგროვებს თუ არა 12 მარტის კენჭისყრაზე საკმარის მომხრეებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ახალი გეგმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა - „ბრექსიტი“. როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს კენჭისყრა, აშკარაა, რომ იგი ბოლო შანსია ლონდონისათვის.

„მესამე შანსი აღარ იქნება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

XS
SM
MD
LG