საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა დროულად უნდა დაიწყოს და საამისოდ, როგორც სახელმწიფომ, ისე კონსორციუმის მონაწილეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ:
„რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყოს მშენებლობის პროცესი და მოხდეს იმ რესურსების მობილიზაცია, რომელზეც პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იქნა აღებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, არსებობს მცდელობა ერთმანეთს დაუკავშირონ დღეს ძიებაში არსებული, კონკრეტულ ტრანზაქციასთან და მასთან დაკავშირებული პიროვნებების საქმე ანაკლიის პორტის მომავალს, მათ კი, ბახტაძის სიტყვებით, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არა აქვს.
„ანაკლიის პორტის იდეის განხორციელება დაიწყო რამდენიმე წლის წინ, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივით და ის გახლავთ ჩვენი ხედვის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ გვწამს, რომ მსგავსი პროექტების რეალიზაციის უკეთესი მოდელია კერძო სექტორის მეშვეობით მისი რეალიზაცია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით, რომელიც გულისხმობს საერთო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას და მხარდაჭერას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესში“, - განაცხადა 12 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.