საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი საკითხი, რომლის გამოც იუსტიციის მინისტრს შესაძლოა, თანამდებობა დაეტოვებინა, პატიმართა შეწყალების კომისიას უკავშირდებოდა.
„არანაირი უთანხმოება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის მინისტრს შორის არ არსებობს, მით უმეტეს, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვგულისხმობ შეწყალების კომისიის გადატანას იუსტიციის სამინისტროში“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები არიან მუდმივ საკონსულტაციო რეჟიმში და არცერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა არ არსებობს.
„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მომზადებული ახალი კონცეფციით, შეწყალების კომისია იმუშავებს იუსტიციის სამინისტროს ქვეშ, თუმცა იქნება სრულიად დამოუკიდებელი რეკომენდაციების მომზადების პროცესში და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი” - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პრესსპიკერის თქმით, შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციაა, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის შეწყალებაზე იღებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი და შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმით და სად იარსებებს შეწყალების კომისია.
ახალი კონცეფციით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან პედაგოგები, ფსიქოლოგები და იურისტები. მოისწრაფიშვილის განცხადებით, აცილებელია შეწყალებულ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნება და ამასთან, დაცული უნდა იყოს საზოგადოების უსაფრთხოება.