Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა


დღეიდან ლელობურთი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა - შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ლელო“, ეს უძველესი ქართული სიტყვა - ძალით გადატანას ნიშნავს - ლელობურთშიც ბურთი სწორედ ბრძოლით გადააქვთ ერთი მხრიდან მეორე მხარეს.

ზუსტად რომელ საუკუნეში გაჩნდა ლელო, უცნობია. ცნობილია, რომ ამ თამაშს გურიის არაერთ სოფელში თამაშობდნენ, თუმცა დღემდე ეს ტრადიცია მხოლოდ ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში შემორჩა.

„ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის’’ ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რომელიც რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა“, - წერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

„ლელო“ ყოველ გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე, „ცაცხვების ქვეშ“ იმართება და ბრძოლა ზემო და ქვემო შუხუთელებს შორის მიდის.

„ძველი ქართული ეროვნული სპორტის სახეობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლელო, ქართული ჭიდაობა, დოღი და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ლელოს გატანა საქართველოში დღემდე ვაჟკაცობის სინონიმია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ძირძველი თამაში ბურთაობიდან მოდის, რომელიც ჯერ კიდევ ვეფხისტყაოსანში გვხვდება.სხვადასხვა მასალების მიხედვით აღწერილია, რომ ლელოს უმთავრესად სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სახალხო (რელიგიურ) დღესასწაულებზე თამაშობდნენ. ხოლო ძირითადად სათამაშო ცენტრად აღიარებული იყო: ფოთი, ბათუმი, ხონი, კულაში, სენაკი, ზუგდიდი, ქუთაისი და სხვა. ამასთანავე, ცნობილია ისიც, რომ თამაშობაში მონაწილეობას იღებდნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები: თავადები, აზნაურები, გლეხები“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

ლელოს დაწყების წინ ბურთის აგდების პატივი ლელოს უხუცეს მოთამაშეს ჰქონდა ხოლმე. უკვე 10 წელზე ბურთს, შუხუთის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი საბა აგდებს.

მიწით გატენილი ბურთის წონა ხანდახან 16 კილოსაც აღწევს.

XS
SM
MD
LG