Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები სოხუმში ისაუბრებენ


სოხუმი
სოხუმი

ოკუპირებულ გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც სოხუმში დღეს დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან.

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში ახალგაზრდის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო პირადად ჰქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან, რომელიც ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მისი ინფორმაციით, გარემოებების დასადგენად მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 12 მარტს, საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით მიმდინარეობს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG