ოკუპირებულ გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი თბილისიდან სენაკში გადაასვენეს.
გარდაცვლილი დაასვენეს სენაკის ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში, სადაც ირაკლი კვარაცხელია ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან დევნილობის შემდეგ.
ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა თბილისში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამთენიისას დასრულდა. საბოლოო დასკვნამდე უნდა ჩატარდეს ცხედრიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევაც.
ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, პირველად 12 მარტს, ღამით გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.
13 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების სამსახურმა“ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დააკავეს და შესაბამისი დოკუმენტების გასაფორმებლად გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაში, სადაც კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო.
ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებითვე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის არაძალადობრივი ხასიათი.
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 13 მარტს, საღამოს გადმოასვენეს.
გარდაცვლილის ნათესავები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან. მათთვის უცნობია, რა მიზნით გადავიდა ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ გალის რაიონში.