Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ომეგას" თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ


„ომეგა ჯგუფის“ 1500-მდე თანამშრომელმა საჯარო განცხადებით მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მოითხოვა კომპანიის საგადასახადო დავალიანების დაფარვა მთავრობისთვის „ომეგას“ მიერ შეთავაზებული გრაფიკით.

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვას იმით ხსნიას, რომ სწორედ ის არის „საქართველოს მთავრობის რეალური მმართველი.“

„ჩვენთვის, უბრალო მშრომელი ხალხისთვის კარგად გასაგებია მიზეზი „ომეგას“ ფაბრიკის გაჩერების, რომელიც მდგომარეობს მთავრობის განაწყენებაში, რადგან ჩვენმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა პირველად საქართველოში გამოამჟღავნა მტკიცებულებები კორუფციის, გამოძალვისა და რეკეტის მმართველ ვერტიკალში. ამავე დროს არ შეასრულა თქვენი მოთხოვნა, არ წაიკითხა პრეზიდენტის არჩევნების დროს გადმოცემული ტექსტი, როგორც თქვენთან დაახლოებულმა და მერე მოძულებულმა ბანკირმა ჩაიდინა“ - ნათქვამია მიმართვაში.

„ომეგა ჯგუფში“ დასაქმებულები ამბობენ, რომ თითქმის 30 წელია მუშაობენ და ეამაყებათ, რომ მათი შრომის შედეგად „ომეგამ“ ბიუჯეტში შეიტანა 1,5 მილიარდ ლარზე მეტი და შრომის შედეგი არ ემსახურებოდა კორუფციას.

„მაგალითისთვის 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ავმუშავდით შევიტანეთ 6 მილიონი ლარი, ხოლო ჩვენმა ხელახალმა გაჩერებამ 2019 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში სახელმწიფო ბიუჯეტს დააკარგვინა 12 მილიონი ლარი. ჩვენ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების სახელით მოგმართავთ, რომლებსაც ჯერ კიდევ გვჯერა, რომ მივიღებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შრომის უფლებას ჩვენს ფაბრიკასა და კომპანიაში, რომელიც სულ წარმატებული იყო მისი არსებობის პერიოდში, 30 წლის განმავლობაში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი და ჩვენი ოჯახების შემოსავალი „ომეგას“ ფაბრიკის უწყვეტი წარმოებით გამომუშავდება. სამწუხაროდ, მთავრობა არ გვაძლევს ფაბრიკაში მუშაობის საშუალებას „ომეგას“ მხრიდან შეთავაზების მიუხედავად, რომ სრულად გაისტუმროს საგადასახადო ვალდებულება მთავრობისთვის წარდგენილი გრაფიკის მიხედვით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული გრაფიკი, რომ სრულად დაფაროს არსებული ვალდებულება მთავრობისთვის უნდა იყოს მისაღები, რაც საუკეთესო იქნება სახელმწიფოში ბიზნესის თავისუფლებისთვის, კორუფციის და ძალმომრეობის აღმოფხვრისთვის” - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილისადმი „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელთა მიმართვაში.

XS
SM
MD
LG