ქუთაიის მერიამ ტენდერი გამოაცხადა 11 800 მაყურებელზე გათვლილი, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად. 35 000 ლარიანი ტენდერისთვის წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და სამ დღეს გასტანს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს სამთავრობო ლოჟას, საშხაპეებს, გასახდელებს და მსაჯების, დელეგატების, დოპინგ-კონტროლის და სამედიცინო პერსონალის ოთახებს.
სატენდერო პირობებით, უნდა მოეწყოს პრესლოჟაც, პრესკონფერენციის დარბაზი და საფეხბურთო კლუბის „ტორპედო ქუთაისის“ ისტორიის საგამოფენო სივრცე.
რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ტუალეტებს და მოეწყობა 150 ავტომანქანაზე გათვლილი სადგომი.
სტადიონის ადმინისტრაციის ცნობით, მოედნის საფარის მოსაწყობად საჭირო ხარჯებს ფეხბურთის ფედერაცია დაფარავს, ხოლო სხვა სამუშაოებს ქუთაისის მერია დააფინანსებს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით.
რეკონსტრუქციის შემდეგ სტადიონმა უნდა დააკმაყოფილოს უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტები.