Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი ფეხბურთელები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო


საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ფეხბურთელი თურქეთიდან საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. სპორტსმენებს, რომლებიც საწვრთნელი შეკრების დროს ქურდობის ბრალდებით დააკავეს, დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდათ.

„ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ველოდით. მე არ ვყოფილვარ თურქეთში, მაგრამ მითხრეს, რომ ქურდობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ფეხბურთელების დაკავება უბრალოდ გაგებრობა იყო. ჩატარდა გამოძიება და ბიჭებს არც ფინანსური ჯარიმა დააკისრეს, არც დეპორტაცია. როგორც ვიცი, საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან და გუნდსაც შეუერთდებიან“ - უთხრა რადიო თავისუფლებას კლუბ „ცხინვალის“ პრეზიდენტმა ქართლოს რუხაიამ.

„ცხინვალმა“ საწვრთნელი შეკრება ანტალიის მახლობლად, კურორტ ბელექში თებერვალში გაიარა. ხუთი ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოპარვის ბრალდებით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, თუმცა, თურქეთის დატოვება აუკრძალეს. კლუბი საქართველოში თებერვლის ბოლოს, მათ გარეშე დაბრუნდა. „ცხინვალის“ წარმომადგენლები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ფეხბურთელებმა სპორტული ნივთები კი არ მოიპარეს, იყიდეს და პრობლემა ქვითრებთან დაკავშირებული შეცდომის გამო წარმოიქმნა.

XS
SM
MD
LG