ავღანეთის ჩრდილოეთში შეტაკება მოხდა ბალხის პროვინციის ყოფილი გუბერნატორის მომხრე პოლიციელებსა და ქვეყნის შინაგან საქმეთა ძალებს შორის.
დაპირისპირება მოჰყვა პრეზიდენტის, აშრაფ ღანის მიერ რეგიონის პოლიციის ახალი უფროსის დანიშვნას. 14 მარტის სროლის მიზეზი იყო ღანისა და ბალხის პროვინციის ყოფილი გუბერნატორის, ათა მოჰამად ნურის უთანხმოება პოლიციის უფროსის თაობაზე.
ყოფილი საველე მეთაურის,ეთნიკური ტაჯიკის, ნურის მომხრე მებრძოლები ახლა რეგიონის საპოლიციო ძალებს წარმოადგენენ.
ქალაქ მაზარ-ი-შარიფის საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სულ მცირე, 13 პირი მიიყვანეს სავადმყოფოში ტყვიით მიყენებული ჭრილობებით. მათ შორის რვა პოლიციელი იყო, ხუთი სამოქალაქო პირი. ვინ იყვნენ დაჭრილები, მთავრობის პოლიციელები, თუ ადგილობრივი ძალები, არ დაუზუსტებიათ.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მაზარ-ი-შარიფიდან იტყობინება, რომ შეტაკება დაიწყო, როცა შინაგან საქმეთა ძალები პოლიციის ახლად დანიშნულ უფროსს, აბდულ რაყიბ მობარეზს აცილებდნენ რეგიონის პოლიციის შენობისკენ. მობარეზს, რომელიც ავღანეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა, ნურის მომხრეებმა არ მისცეს საშუალება მისულიყო პოლიციის შენობასთან და ოფიციალურად დაეწყო მოვალეობის შესრულება.
მობარეზმა შეძლო ოფისში შესვლა და განაცხადა, რომ პოლიციის უფროსის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მისი თქმით, ის აკონტროლებს ვითარებას ქალაქში და „ყველას მიმართ იქნება ზომები მიღებული, ვინც იარაღს მოკიდებს ხელს“ მის წინააღმდეგ. ნურის სურვილია, მისი მიერ იქნეს პოლიციის უფროსი დანიშნული და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი ამას დაპირდა.
პრეზიდენტ აშრაფ ღანის მოთხოვნას, გადამდგარიყო, ნური დათანხმდა და ერთი წლის წინ დატოვა რეგიონის გუბერნატორის თანამდებობა. ნური ჯამიათ-ე ისლამის წამყვანი ფიგურაა, რომელიც ადგილობრივ ტაჯიკებს, ყოფილ საველე მეთაურებს და მეომრებს აერთიანებს.