Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია: ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება


დედაქალაქის მერის თქმით, ბოტანიკური ბაღის ნაწილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრს ემიჯნება, კვლავაც შეუნარჩუნდება რეკრეაციული ზონა 1-ის სტატუსი.

კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს „რუსთავი 2“-ის მიერ ოპოზიციაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 14 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს სტატუსი შეეცვლება და იქ დასაშვები გახდება მშენებლობა.

„არ არის ეს სწორი, თქვენ შეცდომაში შეგიყვანათ ოპოზიციამ, ტელეკომპანია „რუსთავი2“. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გაჟღერებული იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი იქ აკეთებდა რაიმე მშენებლობას და ა.შ.

ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაცია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს,“ - განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ეს არის მტკნარი სიცრუე. მოქმედ გენერალურ გეგმაში იმ ტერიტორიას მინიჭებული აქვს ზონა 1. საკრებულოს სხდომის შემდეგ ექნება ისევ ზონა 1“, - განაცხადა საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა.

„რუსთავი 2“ იუწყება, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის იმ ვარიანტის მიხედვით, რომელიც 15 მარტამდე არსებობდა, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მომიჯნავე ტერიტორია, 14 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი, რეკრეაციულ ზონა 2-ად უნდა გადაკეთებულიყო.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს ფაქტი „ტექნიკურ შეცდომად“ შეფასდა, რაც დაადასტურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას თბილისის საკრებულო 15 მარტს, 4 საათზე დანიშნულ სხდომაზე დაამტკიცებს. ეს ფატი თბილისელებს მიულოცა კახა კალაძემ. გენგეგმის მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია.

XS
SM
MD
LG