"ერთადერთი კომენტარი, რაც შემიძლია ამ ეტაპისთვის წარწერებთან და მჭიდებთან დაკავშირებით გავაკეთო, არის ის, რომ ქართულ მხარეს ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია," - განაცხადა საქართველოს ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობასა და ახალ ზელანდიაში გიორგი დოლიძემ. როგორც ელჩი განმარტავს, გამოძიება საქართველოს საელჩოს არ დაკავშირებია ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის იმ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ქართულად აწერია. ფოტო გამოცემა „Daily Mail”-მა გაავრცელა.
„ წარწერებთან დაკავშირებით კომუნიკაცია გამოძიების პრეროგატივაა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს, არ გაგვაჩნია არანაირი ოფიციალური ინფორმაცია, რომ ეს წარწერები ავთენტურია და ნამდვილად იყო იმ მჭიდებზე. შესაბამისად, არანაირი კონტაქტი ამ საკითხზე არ გვაქვს,“ – განაცხადა გიორგი დოლიძემ.
ელჩის განმარტებით, არ დასტურდება ინფორმაცია დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ. მისივე თქმით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი.
ახალ ზელანდიაში მომხდარ ტრაგედიას "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც. მან დაგმო ტერორისტული აქტი და თანაგრძნობა გამოუხატა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩის ორ მეჩეთზე თავდასხმა 14 მარტს მოხდა. დაღუპულთა რიცხვმა 48 ადამიანს მიაღწია.