Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ემპათია": რუსეთს ძვირად უნდა დაუჯდეს ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილი


ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარი არაადამიანური მოპყრობის შედეგია, - აცხადებენ წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრში „ემპათია“. ორგანიზაცია კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

„იყო ეს მკვლელობა თუ სუიციდი, ამ სუიციდს წინ უძღოდა რაღაც, რამაც ადამიანი ამ ზომამდე მიიყვანა“, - აცხადებს წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრის „ემპათია“ დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.

ორგანიზაციის სასამარლთო ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის, ირაკლი თოიძის განაცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის დათვალიერების საშუალება მათ მხოლოდ მესამე დღეს მიეცათ, როდესაც ის უკვე ლპობის ეტაპზე იყო.

დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ: გვამს კისრის არეში აღენიშნებოდა სტრანგულაციური ღარი (ჩამოხრჩობისას მარყუჟის ზეწოლით გამოწვეული ღარი); მცირე ზომის დაზიანება კისრის არეში, მარცხენა მხარეს, სისხლნაჟღენთის სახით; ასევე დაზიანებები მარცხენა იდაყვის უკანა ზედაპირზე და შუბლთან.

თოიძის თქმით, ვინაიდან დაზიანებათა გამომწვევი მიზეზები საეჭვო იყო, სწორედ ლაბორატორიული ანალიზით უნდა დადგინდეს - ისინი სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ არის განვითარებული.

ექსპერტი განმარტავს, რომ შინაგანი ორგანოები მუცლისა და გულ-მკერდის ღრუში იყო. გვამს ტრავმული დაზიანებები და ელექტროშოკის კვალი არ ეტყობოდა.

„ემპათიას“ დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ, თუ რუსეთის მხარე მათ სათანადო სამედიცინო დოკუმენტაციას არ მიაწვდის, არ მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო პროცესში და არ მოახდენს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება-დასჯას, ცენტრი საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნის.

„ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ამ დასკვნის შემდეგ ჩატარდება კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტებით. ეს გახლავთ სტამბოლის პროტოკოლით და მინესოტას პროტოკოლით, რაც უფრო ზუსტად გაგვცემს პასუხს რა ვითარებაში მოხდა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება.

მაგრამ, ნებისმიერი შემთხვევაში, ეს არის პრაქტიკულად არაადამიანური და სასტიკი მოპყრობა. რამდენიმე სამართალდარღვევას აქვს ადგილი. ეს არის ამ ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და უკანონო პატიმრობა არასათანადო პირობებში“- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

ცენტრ „ემპათიას“ იურიდიული დეპარტამენტის იურისტის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, მოუხედავად იმისა თუ რა დასკვნას გამოვა ექსპერტიზიდან, საქმეს სამართლებრივად შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ორი განვითარება: მკვლელობა ან თვითმკვლელობამდე მიყვანა.

მისი თქმით, დაკავების მომენტიდან საქმის ყველა ფაზა იყო ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა და, შესაბამისად, ცენტრი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რომელსაც ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტიც ესწრებოდა.

ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას გალში გარდაცვალების შესახებ, პირველად 12 მარტს, ღამით გავრცელდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით ოკუპირებული აფხაზეთიდან მიღებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

13 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების სამსახურმა“ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დააკავეს და შესაბამისი დოკუმენტების გასაფორმებლად გადაიყვანეს აფხაზეთში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაში, სადაც კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 13 მარტს, საღამოს გადმოასვენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG