სოფელ ხურვალეთის მიმართულებით პოლიციამ გზა გაუხსნა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწიათ ლოდინი.
საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის გასაცნობად ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიციელებს სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტომობილებით გადაჰყავთ.
15 მარტს სამართალდამცველებმა გზა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია სოფელში შეიარაღებული რუსი სამხედროების შეჭრის შესახებ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხურვალეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ტვიტერზე პოსტი გაავრცელა. "ევროკავშირის მონიტორინგის მისია ამჟამად პატრულირებს დიდ ხურვალეთში.
ახალი სასაზღვრო საქმიანობის ნიშნები არ არის. უსაფრთხოების წარმომადგენლებს არანაირი ინციდენტი არ დაურეგისტრირებიათ. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, გამოიყენება კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად", - წერია EUMM-ის განცხადებაში.
სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ყოფნა არ დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. მათი თქმით, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.