Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ კახიძე: მხარს დავუჭერთ ნებისმიერ მოდელს, რომელიც სასამართლო კლანს მონოპოლიას ჩამოართმევს


ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ. კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს ეხება.

„ევროპული საქართველოს“ ხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები. უმრავლესობის წარმომადგენლების შეფასებით კი „ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში.

„ევროპული საქართველო" მხარს უჭერს ნებისმიერ იმ მოდელს, რომელიც დღეს არსებულ სასამართლოს მმართველ კლანს როგორმე ჩამოართმევს სისტემაზე მონოპოლიას,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სხვაგვარად უახლოეს მომავალში სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პერსპექტივა არ არსებობს.

მთავარი, რასაც ვხედავთ "ქართული ოცნების" მხრიდან, მათ სურთ ამ კლანის შენარჩუნება, ხედავენ, რომ მათი ერთგული პირები უნდა იყვნენ განწესებულნი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად და აქვთ ილუზია, რომ ეს რამენაირად მათი ხელისუფლების გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს. ეს ასე ვერ მოხდება,“- აღნიშნა ოთარ კახიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 16 მარტს განიხილა ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის საკანონმდებლო წინადადება უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ამ საკანონმდებლო წინადადებაში ჩამოყალიბებული ზოგიერთი საკითხი შესაძლოა უმრავლესობის კანონპროექტშიც აისახოს

დღის წესრიგის მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არ განუხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ეკა ბესელიას ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი. ეკა ბესელია სხდომას არ დასწრებია.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ამავე საკითხზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროეტზე 18 მარტის სხდომაზე იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG