Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ორთაჭალაში მშენებლობის პროცესი შეაჩერა


ორთაჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დამსაქმებლებს მოუწოდებს უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.

უწყებაში აცხადებენ, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევაზე, განსაკუთრებით რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

2019 წლის 16 მარტს ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან 3 ადამიანი გადმოვარდა. ერთი მუშა შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო, „ამტელ ჰოსპიტალში“ შეყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა მეორე მუშა.

ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა მესამე დაშავებულსაც, რომელიც ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG