პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და უმრავლესობის კიდევ ექვსი წევრის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურას.
კანონპროექტით რეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა, დგინდება საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.
უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების დიპლომი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილება და ფლობს სახელმწიფო ენას.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე პირებად ითვლება: მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი, სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. განხილვის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება განმცხადებელთა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.
იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირის მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, რომელიც საჩივარს განიიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში.
გასაჩივრებისა და განხილვის ვადების გასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას შერჩევის პროცესში მონაწილე პირების შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე.კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება.
შერჩევის პროცედურაში მონაწილეების შემდგომ ეტაპზე გადასულთა სია ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ აღმოჩნდება, რომ შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა რაოდენობა ნაკლებია ან ტოლია გამოცხადებული შემდგომ ეტაპზე გადასაყვანთა კვოტისა, ეს მონაწილეები კენჭისყრის გარეშე გადადიან შემდგომ ეტაპზე.
თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ამ ეტაპზე არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით.
შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში იწყება კანდიდატების მოსმენა რომელიც ტარდება საჯაროდ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატებს აფასებენ ქულებით და მოსმენების დასრულებიდან უახლოეს სხდომაზე ფარულად უყრიან კენჭს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობამდე დაყვანის მიზნით.
შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ვინაობა ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
კანდიდატთა ვინაობის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას. კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი უფლებამოსილი არ არის ხმა მისცეს მისი კანდიდატურის საქართველოს პარლამენტში წარდგენას.
კანონპროექტში ჩადებულია გარდამავალი დებულება, რომლის თანახმად, ცვლილების ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ითვლებიან გაწვეულად.