ევროკავშირმა მოითხოვა უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელის, ოიუბ ტიტიევის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება.
18 მარტს, ჩეჩნეთის შალის რაიონის სასამართლომ ტიტიევი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკის უკანონოდ შენახვაში და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. „მემორიალმა“ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის განცხადებით, ოიუბ ტიტიევისთვის გამოტანილი განაჩენი პირდაპირ უკავშირდება მისი, როგორც უფლებადამცველის საქმიანობას და მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ დღემდე არავინ დასჯილა 2009 წელს,„მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელის ნატალია ესტემიროვას მკვლელობისთვის.
ოიუბ ტიტიევი 2018 წლის იანვარში დააკავეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, უფლებადამცველს ავტომანქანაში მარიხუანა აღმოუჩინეს. თავად ტიტიევი აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.