ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს წარმომადგენლებმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დაიკავეს ვენესუელის სამხედრო წარმომადგენლობის და გენერალური საკონსულოს შენობები.
სააგენტო DPA-ს მოჰყავს ხუან გუაიდოს მიერ აშშ-ში ელჩად დანიშნული კარლოს ვეკიოს განცხადება, რომ ეს არის ვენესუელის აქტივების დაცვის კამპანიის ნაწილი. ვეკიოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აპირებენ ვაშინგტონში, ვენესუელის საელჩოს შენობის დაკავებასაც, თუმცა, მანამდე საჭიროა სახელმწიფო დეპარტამენტთან პროცედურული საკითხების შეთანხმება.
ნიკოლას მადუროს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასმა აშშ-სი მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ვენესუელის დიპლომატიური წარმომადგენლობების „უკანონო ოკუპაცია."
არეასის განცხადებით, თუ აშშ განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, ვენესუელის მთავრობა იტოვებს უფლებას თავის ტერიტორიაზე გადადგას ანალოგიური ნაბიჯები.
ნიკოლას მადურომ აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მხარი დაუჭირა ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს.