„დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაგვანახა, რომ „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად უმრავლესობა აღარ ჰყავს, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდგომ კენჭისყრის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ის ვერ გადააყენეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან.
ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებები და მიდგომები იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც, გადადგომის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
„თავაშვებულ, თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი, პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლა იყო - ბოლომდე ვმდგარიყავი ჩემს პოზიციაზე და თავად არ განვაცხადე გადადგომის შესახებ. „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად, უმრავლესობა აღარ ჰყავს“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას ან გადაყენებას არ ესაჭიროება არანაირი სამართლებრივი დასაბუთება.
„არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პარლამენტის მიერ პოლიტიკური წესით და პოლიტიკური საფუძვლით. არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება სამართლებრივი საფუძვლით. მაგალითად, იმპიჩმენტი არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლით, შესაბამისად, მას ესაჭიროება სამართლებრივი დასაბუთება. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას ან გადაყენებას, მას არ ესაჭიროება არანაირი სამართლებრივი დასაბუთება, იმიტომ, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. პროცედურულად გავლილია ყველაფერი, ანუ არავითარი ხარვეზი ამ გადაწყვეტილებას არ ექნება“, - განაცხადა, ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი, მას შემდეგ დადგა, რაც ზვიად კვაჭანტირაძემ თებერვალში „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების საფუძვლად კი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა.
საპარლამენტო უმცირესობის, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების შეფასებით, უმრავლესობა ზვიად კვაჭანტირაძეს სჯის მისი გადაწყვეტილების გამო და ამიტომ უყრის კენჭს მისი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური დასაბუთება არ სჭირდება.
„რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ყველამ ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილებას არ სჭირდება პოლიტიკური დასაბუთება.არ სჭირდება როგორც ასეთი, სამართლებრივი საფუძველი. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი კითხვაზე - ხომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - მე თავიდანვე განვმარტე ეს, შეიძლება, ყველამ არ მომისმინა, თუმცა, თავიდანვე განვმარტე, რომ საფუძველი ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა პოლიტიკური. შეიკრიბა უმრავლესობა, თავის დროზე იყო უმრავლესობის მიერ წარდგენილი შესაბამის პოზიციაზე ზვიად კვაჭანტირაძე, შეიკრიბა კიდევ ერთხელ უმრავლესობა და მიიღო გადაწყვეტილება ბატონი ზვიადის გადაყენების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია მანამდეც იყო ცნობილი, თუმცა, სამწუხაროდ, ბატონმა ზვიადმა გადაწყვიტა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა უმრავლესობა. მან გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტს უნდა გადაეყენებინა ის და არ აპირებდა თვითონ გადადგომას, მიუხედავად უმრავლესობის პოზიციისა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ