Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი: ევროკავშირის ბაზართან წვდომა მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის


ქართველმა მეწარმეებმა უკეთ უნდა გაიგონ, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მათთვის პროდუქციის გატანას ევროკავშირის მასშტაბურ ბაზარზე, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვდრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროკომისრის თქმით, საქართველოში მისი ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სწორედ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გაძლიერება და ამაზე უნდა იზრუნოს მთავრობამ, ბიზნესმა და სამოქალაქო საზოგადოებამ.

სესილია მალმსტრომის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრთან გაიმართა მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება ქართველი მეწარმეების ინფორმირება - საექსპორტო პოტენციალის უკეთესად ათვისების მიზნით.

„ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ იმუშაოს ბიზნესკლიმატის გასაუმჯობესებლად. განზრახვები და რეფორმები უნდა გადაითარგმნოს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.

საქართველოში ინვესტიციები მოედინება ევროკავშირიდან, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს მომდევნო წლების განმავლობაში. მიზანი არის ის, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული გახდეს და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში წარმოებული ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე და უფრო მეტის ნახვა გვინდა. ჩვენ საკრედიტო საშუალებებს ვაწვდით საქართველოს მეწარმეებს, გლეხებს, ფერმერებს. 80 მილიონი ევრო გამოიყო, ამით ათასობით ფერმა სარგებლობს და ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება ...

ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე კარგად მუშაობს, თუმცა მუდმივად საჭიროებს ზრდასა და განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და საქართველო კვლავაც ისარგებლებს იმ უპირატესობით, რაც ეფუძნება ჩვენს საერთო, ზიარ ღირებულებებს“, - განაცხადა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG