ყახაზეთის პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, შესაძლებელი იქნება ქვეყნის დედაქალაქ ასტანისთვის სახელის შეცვლა და ნურსულთანის დარქმევა.
კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად პარლამენტის ორივე პალატამ ერთობლივი სხდომა გამართა.
პარლამენტს ამ ინიციატივით დილით მიმართა ყაზახეთის ახალმა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
მას შემდეგ, რაც ტოყაევმა პარლამენტის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე ფიცი დადო, დეპუტატებს შესთავაზა, რომ ასტანას ნურსულთანი დაერქვას ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად.
ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტი იყო 1990 წლიდან, 19 მარტს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს სენატის თავმჯდომარე ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელსაც ქვეყნის მართვას ანდობს.
ამასთან, ნაზარბაევი რჩება მმართველი პარტიის, „ნურ ოტანის“ სათავეში და გავლენიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ.
ნურსულთან ნაზარბაევს, რომელსაც წელს 79 წელი უსრულდება, ყაზახეთში მინიჭებული აქვს „ერის ლიდერის“ სტატუსი.
ნაზარბაევს ხშირად ადანაშაულებენ განსხვავებული აზრის დევნაში, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასა და არადემოკრატიული მეთოდებით ძალაუფლების გახანგრძლივებაში.