Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით რუსთავში ხელმოწერებს აგროვებენ


ოპოზიციური პარტიები 15 ივნისამდე მილიონი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.
ოპოზიციური პარტიები 15 ივნისამდე მილიონი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.

პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაცია ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს და აფართოებს აქციის არეალს.

ხელმოწერების შეგროვება ერთი კვირის წინ მეგობრობის გამზირზე დაიწყეს, 20 მარტს კი კოსტავას გამზირზეც გააგრძელეს. „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ლიდერმა ნინო იმედაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად, პარალელურად, "კარდაკარაც" დადიან.

„ამ მოკლე ხანში საკმაოდ ბევრი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა მოსახლეობა ქუჩაში უფრო აქტიურობს“, - თქვა ნინო იმედაშვილმა. მისი თქმით, ამომრჩეველთა ხელმოწერების შესაგროვებლად დროებით პუნქტებს რუსთავის ბაზრებშიც გახსნიან.

ოპოზიციური პარტიები 15 ივნისამდე მილიონი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, რომლის თანახმად, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

რუსთავში ხელმოწერებს ჯერჯერობით მხოლოდ „ევროპული საქართველო“ აგროვებს. რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციაში განუცხადეს, რომ მსგავს აქციას დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებენ.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, 2020 წელს, ისევე როგორც 2016 წელს, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, სადაც 150 მანდატიდან 73-ს მაჟორიტარული წესით არჩეული კანდიდატი მოიპოვებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული არჩევნები მმართველ ძალას უპირატესობას ანიჭებს. მმართველი „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იძლევა.

XS
SM
MD
LG