Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული სანქციების გამო განმარტებას ითხოვს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე


მირანდა თურმანიძე
მირანდა თურმანიძე

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამრომელი მირანდა თურმანიძეც აღმოჩნდა 848 ფიზიკურ პირს შორის, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის.

მირანდა თურმანიძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ რამდენიმე წლის წინ სევასტოპოლიდან მიიწვიეს საერთაშორისო კონფერენციაზე, თუმცა მასში მონაწილეობა არავის უფიქრია, რადგან ითვალისწინებენ უკრაინის სახელმწიფოს ინტერესებს და იმას, რომ რუსეთის ქმედებების გამო უკრაინა და საქართველო ერთნაირ მდგომარეობაში არიან.

მირანდა თურმანიძის ინფორმაციით, მიმწვევს აინტრესებდა, თუ რაზე მუშაობდა, ამიტომ ერთადერთი, რაც საპასუხოდ გაგზავნა, იყო აბზაცი იმის შესახებ, რომ მუშაობს შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩენილ, ანტიკური ხანის სამკაულებზე.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი აპირებს განმარტებისთვის მიმართოს უკრაინის საელჩოს.

„აი ასე, ჰაერზე ადამიანი გამოაცხადო არასასურველ პერსონად მემგონი, ცოტა უხერხულია. სანამ არასასურველ ადამიანად გამოაცხადებს სახელმწიფო, უნდა კითხოს, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი“ - განაცხადა მირანდა თურმანიძემ.

სანქციების სიაში აღმოჩნდა ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაშიც, რომელიც მისი ინფორმაციით, უკრაინაში არასდროს ყოფილა. ხალვაში აპირებს განმარტებისთვის მიმართოს უკრაინის საელჩოს და სიტუაციის გარკვევა თხოვოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 20 მარტს მოაწერა ხელი ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო სანქციები დაუწესდა 294 იურიდიულ და 848 ფიზიკურ პირს.

სანქციების მიზეზებად დასახელებულია:

ერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა;

უკრაინის სამხედრო გემების და მეზღვაურების დატყვევებასთან კავშირი;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგნიზებისა და ჩატარებისთვის ხელშეწყობა;

ყირიმში უკანონოდ ჩასვლა

ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება;

უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება;

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და ფინანსური აქტივების დაბლოკვას.

XS
SM
MD
LG