20 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული 5-საათიანი შეხვედრის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, სოცმუშაკებმა საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლის გადაწვეტილება მიიღეს. შესაბამისი წერილით სოცმუშაკები ჯანდაცვის მინისტრს დღეს მიმართავენ.
როგორ სოციალური მუშაკი ქეთევან ხუციშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას 22-პუნქტიანი მოთხოვნიდან რეალურად ჯანდაცვის სამინისტრო ორი პუნქტის შესრულებას დათანხმდა. ერთი ეს იყო მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს შექმნა და მეორე ტექნიკური საკითხების ჩამოშორება, ისიც არასრულად.
სოცმუშაკებმა მთავარი მოთხოვნები 5 პუნქტად ჩამოაყალიბეს, რომლის დაკმაყოფილების და სამართლებრივად გაფორმების შემთხვევაშიც შეწყდება გაფიცვა.
- სერვისები არის უმნიშვნელოვანესი ბენეფიციარებისთვის, ამიტომ ცენტრებში ფსიქოლოგების და იურისტების დამატება. ჯამში საუბარია 27 ადამიანის დამატებაზე.
- სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა
- საპროცესო წარმომადგენლობა. როდესაც სოციალური მუშაკები პოლიციასა და სასამართლოში კანონიერი წარმომადგენლები არიან, რამაც პარალიზება მოახდინა სამუშაო პროცესის. საჭიროა ან საკითხის რეგულირება, ან სოცმუშაკთა მობილური ჯგუფის აყვანა, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს.
- ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება. ყველა ცენტრს 24 -საათიან რეჟიმში უნდა ჰქონდეს ტრანსპორტის მომსახურება, გადაუდებელი შემთხვევებისთვის.
- ხელფასების ზრდა ან ცალკე თანხის გამოყოფა ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტებისთვის.
„დღეს შევიტანთ ჯანდაცვის სამინისტროში შეტყობინებას, რომ ორშაბათიდან სოციალური მუშაკები გაიფიცებიან. თუმცა, მაღალი მორალური პასუხისმგებლობის გამო, რადგან არ გვსურს ვინმეს ზიანი მიადგეს, ბავშვთა მიმართვიანობის პროცედურების მიხედვით, და ამ პროცედურებით გაწერილ მოვალეობებზე სამუშაო საათებში სოცმუშაკები არ ამბობენ უარს, ასეთი მაგალითად არის ძალადობის დროს განცალკევების აუცილებლობა, ანუ ძალადობის შემთხვევაში, დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარს არ ვამბობთ“, - განმარტავს ქეთევან ხუციშვილი.
სოცმუშაკებს ასევე დაგეგმილი აქვთ აქციები თბილისსა და რეგიონების სამხარეო ცენტრებში.