თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები.“
კონფერენცია გახსნეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა როს უილსონმა.
მომხსენებლებად მიწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, ელჩი გერტ ჰაინრიხ არენსი.
„ის ფაქტი, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი გერტ ჰაინრიხ არენსი ჩამოვიდა, იმის უმნიშვნელოვანესი სიგნალია, რომ ვუბრუნდებით თემატიკას, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ იყო ეუთოს ანგარიშში" - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
მისი თქმით, უნდა დაიწყოს მსჯელობა ეუთოს ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებზე, რათა ერთობლივად მომზადდეს გეგმა და მათი შესრულება მოხერხდეს მომდევნო არჩევნებისთვის. ჰარცელმა რეკომენდაციებს შორის გამოჰყო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება.
"აუცილებელია ყველას ჩართულობა. წამყვანი როლი ექნება ხელისუფლებას, პარლამენტის როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციასაც უდიდესი როლი აქვთ ამ პროცესში. ვფიქრობ, დრო ცოტაა და დღევანდელი შეხვედრა არის ამ პროცესის, რეკომენდაციების გააზრების დასაწყისი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის და იმედია, ნაყოფიერად დავიწყებთ მსჯელობას" - თქვა ევროკავშირის ელჩმა.