Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სადგურის მოედნის“ გვირაბში მგზავრებით სავსე მატარებელი ნახევარი საათით გაჩერდა


მეტროს სადგურ „სადგურის მოედნის“ გვირაბში, მგზავრებით სავსე მატარებელი გაჩერდა. მატარებელი გვირაბში ნახევარ საათზე მეტხანს იყო გაჩერებული, რამაც მგზავრების ნაწილში პანიკა გამოიწვია.

როგორც ერთ-ერთი მგზავრი უყვება რადიო თავისუფლებას, პანიკა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გვირაბში გაჩერებულ მგზავრებს არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია, რის გამო გაჩერდა მატარებელი და რამდენ ხანს მოუწევდათ გვირაბში დგომა.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, ლიანდაგზე ტექნიკური პრობლემა შეექმნა ცარიელ მატარებელს, რის გამოც საჭირო გახდა მგზავრებით სავსე მატარებლის გვირაბში დაყოვნება:

„ნამდვილად ჩვენი ბრალია, რომ მგზავრებს არ მივაწოდეთ დროული ინფორმაცია, რის გამო იყო მატარებელი გაჩერებული და რამდენ ხანში დაიძვრებოდა ის. ასეთ სიტუაციაში მემანქანეს შეუძლია, რომ ინფორმაცია მიაწოდოს მგზავრებს, რა ხდება და როდის აღმოიფხვრება პრობლემა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლელა სეთურიძემ.

მეტრო თბილისში 21 მარტსაც გაჩერდა. ლელა სეთურიძის თქმით, გუშინ ტექნიკური პრობლემა შეექმნა მგზავრებით სავსე მატარებელს და საჭირო გახდა მისი დაყოვნება.

XS
SM
MD
LG