„თუ ქვეყანაში რომელიმე სექტორი სუსტია, ეს ხელისუფლებაა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულად ვერ იტანს ორგანიზაციებს, რომელთაც სადამკვირვებლო მისიები ჰყავთ“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
სულხან სალაძე ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება სუსტია:
„მმართველი ძალა და მათი უსუსურობა ჩანს ყველგან და ყველაფერში. ბოლო მოვლენები ამის ყველაზე ნათელი დასტურია, სასამართლოსთან მიმართებაში მათი გადაწყვეტილებები, ის, თუ რა ფორმით იღებენ და როგორ კანონებს იღებენ.
ჩვენ დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულად ვერ იტანს ორგანიზაციებს, რომელთაც ჰყავთ სადამკვირვებლო მისიები და რომლებიც წლებია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მინდა მას შევახსენო, რომ ამ ორგანიზაციებს არსებობის უფრო დიდი ისტორია აქვთ, ვიდრე თავად „ქართულ ოცნებას". ჩვენ 25 წლის ორგანიზაცია ვართ, ვაკვირდებით ყველა არჩევნებს, გავუძელით ყველა ხელისუფლებას, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ამდენს გაუძლებს "ქართული ოცნება", ყოველ შემთხვევაში, კობახიძის ხელმძღვანელობით და პარლამენტის თავმჯდომარეობით. ვფიქრობ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს პრობლემებსა და გამოწვევებზე, იქვე მას მეტი არგუმენტაციაც სჭირდება", - განაცხადა სულხან სალაძემ.
22 მარტს, კონფერენციაზე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას მიღებული გამოცდილება“, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა არასამთავრობო სექტორი და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებია აქტიურად მონაწილეობდნენ საპრეზიდენტო არჩევნების აგიტაციაში:
„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო ნიკა გვარამიას, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის განცხადების მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს უნდა ყოფილიყო განკვეთილი სხვადასხვა სფეროდან, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების, საუბარი იყო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურულ ცხოვრებაზე და ა.შ. ეს იყო აბსოლუტურად ფაშისტური განცხადება, პირდაპირი გაგებით ფაშისტური განცხადება, ან ბოლშევიკური გნებავთ ეს ტერმინი გამოვიყენოთ და არამხოლოდ არ მოხდა რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ განცხადებაზე, არამედ ჩვენ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.