Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ უკრაინელ პავლო ჰრიბს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა


პავლო ჰრიბი
პავლო ჰრიბი

დონის როსტოვში ჩრდილო კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე პავლო ჰრიბს ტერორიზმისთვის ხელშეწყობის ბრალდებით ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის მოხდით საერთო რეჟიმის შრომა-გასწორებით კოლონიაში.

მანამდე ეს სასჯელი პროკურორმა მოითხოვა. სახელმწიფო ბრალმდებელმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა განზრახ ჩაიდინა მძიმე დანაშაული, თუმცა აქტიურად უწყობდა ხელს მის გახსნას.

გუშინდელი სხდომის მსვლელობისას ჰრიბი ცუდად გახდა. მედიკოსებმა მას დაავადების გამწვავება დაუდგინეს. მანამდე ბრალდებულის მამამ განაცხადა, რომ მის შვილს სასწრაფოდ სჭირდება გულის ოპერაცია. ნათესავების თქმით, ჰრიბმა პრაქტიკულად დაკარგა მხედველობა და მას მეხსიერების პრობლემები გაუჩნდა. თავის მხრივ, რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ ბრალდებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ჰრიბმა სასამართლოზე გაიმეორა, რომ დაკავებისას მას აწამებდნენ და უარყო ყველა ბრალდება.

უკრაინელი სტუდენტი პავლო ჰრიბი 2017 წლის აგვისტოში დააპატიმრეს ბელარუსის ტერიტორიაზე. იქ ის თავის ნაცნობთან შესახვედრად ჩავიდა. მოგვიანებით ჰრიბი აღმოაჩინეს კრასნოდარის საგამოძიებო იზოლატორში. მისი ნათესავები და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, ჰრიბი ცდილობდა, თავისი ნაცნობი გოგონა დაერწმუნებინა, რომ თვითნაკეთი ბომბი აეფეთქებინა სოჭის სკოლაში. ქალმა მოგვიანებით აღიარა, რომ ჰრიბი ეფესბეს ზეწოლით დაპატიჟა.

კიევი ითხოვს უკრაინის მოქალაქის გათავისუფლებას და რუსეთის სპეცსამსახურების პროვოკაციაზე ლაპარაკობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG