დაკავებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ყოფილი მცველი - გ.ქ. მას სამსახურებრივი გულგრილობა და სიყალბის ჩადენა ედება ბრალად.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამოძიებით დადგინდა, რომ ხონის რაიონის სოფელ კინჩხის სატყეო უბნის ტყის მცველი გ.ქ. „გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს და შედეგად, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, უკანონოდ მოჭრეს 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 243 980 ლარი შეადგინა“.
ეროვნული სატყეოს სააგენტოს დებულებით, გ.ქ.-ს ევალებოდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის გამოვლენა, აღკვეთა და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.
„მას შემდეგ, რაც გ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ჭრის ფაქტი, მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბების შემცირებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, დაიყოლია რამდენიმე ნაცნობი, სოციალურად დაუცველი პირი, და მათ მიმართ შეადგინა ყალბი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომელთა მიხედვითაც, თითქოს მათ უკანონოდ გაჩეხეს გ.ქ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის გარკვეული ნაწილი, რაც თავის მხრივ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოავლინა გ.ქ.-მ. რეალურად, გ.ქ.-ს ხე-ტყით სარგებლობის უკანონო ფაქტები არ გამოუვლენია და ხის ჭრას არც მის მიერ დაჯარიმებული პირების მხრიდან ჰქონია ადგილი“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
გ.ქ.-ს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.