Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კანონმდებლები მიულერის ანგარიშის სწრაფად გამოქვეყნებას ითხოვენ


რობერტ მიულერი
რობერტ მიულერი

აშშ-ის კანონმდებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ დასრულებული გამოძიების დეტალები მალე გახდება ხელმისაწვდომი. მიულერმა 22 მარტს გადასცა გამოძიების შესახებ ანგარიში აშშ-ის გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს, რომელმაც თქვა, რომ ამ კვირის ბოლომდე შეიძლება გააცნოს კონგრესს ანგარიშის ძირითადი დასკვნები.

ანგარიშის რა ნაწილი გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი, ამას გადაწყვეტენ ბარი, იუსტიციის სამინისტრო, კონგრესი და თეთრი სახლი.

მიულერს კანონით ევალებოდა ანგარიშის წარმოდგენა გამოძიების დასრულების შემდეგ.

ბარმა თქვა, რომ სურს მისი დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს. მაგრამ კანონი ბარს ფართო დისკრეციას აკუთვნებს იმის გადასაწყვეტად, თუ ანგარიშის რა ნაწილი გამოაქვეყნოს.

კონგრესში გამოითქმის შიში, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრი სახლი შეიძლება შეეცადოს დაფაროს მისი ყველაზე კრიტიკული ნაწილები. განსაკუთრებით დემოკრატები მოითხოვენ, რომ მთელი ანგარიში გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი თეთრი სახლის მიერ რედაქტირების გარეშე.

„ჩვენ გვინდა სრული ანგარიში, ჩვენ ის ახლა გვინდა. ჩვენ ის გვინდა მანამდე, სანამ პრეზიდენტი მის რამენაირად რედაქტირებას შეძლებს,“ განუცხადა CNN-ს დემოკრატმა კონგრესმენმა ერიკ სუოლუელმა.

XS
SM
MD
LG